ცნობილი ჰოლივუდური კომპანიები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება.

HBO და Universal Pictures-ი საქართველოში გადასაღებ მოედნებს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცნობილი ჰოლივუდური კომპანიების - HBO და Universal Pictures-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 26 აპრილიდან 2 მაისამდე შედგა. სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმი, ჭიათურა, თბილისი, ყაზბეგი, უფლისციხე, ციხისძირი და რუსთავი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს. პროგრამის ფარგლებში შემოსულია სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების 20 განაცხადი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება თითქმის 40 მილიონ ლარს შეადგენს.