პირველად საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

ერთსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალი პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 16 აგვისტოს გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.

საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალი პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს. 2018 წლის 23 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, როელიც ვერდის ფესტივალის ერთადერთი მფლობელია, სამწლიანი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ოპერა „დონ კარლოსის“ პრემიერა თბილისში თებერვალში გაიმართება

მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა.

თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრისა და არტისტების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - დირიჟორები, მომღერლები, რეჟისორები.

ფესტივალს გახსნის ოპერა „ბალ-მასკარადი", ხოლო უკვე 23 აგვისტოს ღონისძიება გადაინაცვლებს გურიაში, საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena, და დასრულდება ოპერით „აიდა" (თეატრი Arena di Verona).

25 აგვისტოს კი Black Sea Arena-ზე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ.

ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონის კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს.

თბილისში ვერდის „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერა გაიმართება>>

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში კომპოზიტორის დაბადების დღეს - 10 ოქტომბერს ტარდება. ვერდის ფესტივალის ჩატარების ტრადიციული ადგილებია რამდენიმე ცნობილი სცენური მოედანი: პარმის სამეფო თეატრი, ჯუზეპე ვერდის თეატრი ბუსეტოში და ფარნეზეს თეატრი პარმაში.

ტრადიციულად ფესტივალის პროგრამაშია პრესტიჟული კონცერტები და ღონისძიებები, რომლებიც ვერდის იუბილეს ეძღვნება. საღამოებზე სრულდება მაესტროს ისეთი ცნობილი ოპერების ახალი და კლასიკური ვერსიები, როგორიცაა „აიდა", „ოტელო", „ფალსტაფი", „ტრავიატა", „რიგოლეტო", „მაკბეტი", „ჟანა დ'არკი" და „ტრუბადური".