ქართული ღვინო შეამოწმეს – რამდენ კომპანიას ეთქვა უარი სერტიფიკატზე

უწყების ცნობით, ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, საინსპექციო კონტროლი მიმდინარე წლის ექვს თვეში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელდა.

„როსპოტრებნადზორი" ისევ საქმეშია: ქართული ღვინის კონტროლი მკაცრდება

„ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზეც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

ამას გარდა, უწყების ცნობით, სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით 120 დეგუსტაცია ჩაატარა. 4640 ნიმუშიდან უარყოფითად შეფასდა 415, დანარჩენი – დადებითად.