თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ლაგოდეხს 20 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიო ბლუზის კაშკაშა ვარსკვლავები ეწვევიან - აქ ბლუზის რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ვაშლოვანის ნაკრძალთან, ექვსი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება.
კონცერტები ჩატარდება ყოველ შაბათს: 20 და 27 ივლისს, 3, 10, 17, 24 აგვისტოს. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ.
ფესტივალს 20 ივნისს ამერიკული ბლუზის მთელი ეპოქის ვარსკვლავი კრის კეინი გახსნის. ამავე დღეს გამოვლენ ბლუზ-მუსიკოსი და ფესტივალის არტ-დირექტორი გია ძაგნიძე, ინსტრუმენტალისტი ირაკლი კიკვაძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ბლუზის, R&B-ის, რეგისა და ფანკის სინთეზს წარმოადგენს JJ Thames - ფესტივალის სტუმრებს სანახაობრივი შოუ და მძლავრი ენერგეტიკა ელოდება.
ფესტივალის კიდევ ერთი ვარსკვლავია თანამედროვე ბლუზის აღიარებული დივა შერონ ლიუისი. ის 10 აგვისტოს გამოვა. ამავე დღეს სცენაზე წარდგება ევროპული ბლუზის წარმომადგენელი ლუკა ჯორდანო. ფესტივალის სტუმრები პირველად მოისმენენ კლასიკურ ბლუზს იტალიურ სტილში.
მუსიკა და სავსე მთვარე – მაღალმთიან თუშეთში უჩვეულო ფესტივალი გაიმართება>>
საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალი კომპანია Blues Village-ის, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.