საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში II ევროპული თამაშების გამარჯვებულებს უმასპინძლეს

ქართველი სპორტსმენები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას იწყებენ.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მინსკში გამართულ II ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) განცხადებაში.

საქართველომ II ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა – შედეგები

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები", – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ხაბელოვმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკში 21-30 ივნისის პერიოდში გამართული II ოლიმპიური თამაშები უკვე ისტორიაა და ამიერიდან აუცილებელია მთელი ძალების მობილიზება 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ საზაფხულო ოლიმპიური თამაშებისკენ მოხდეს.

მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 30 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

2015 წელს ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე საქართველო 16 მედლით (2-6-8) 21-ე ადგილზე იყო.