ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელს წინააღმდეგობა მხოლოდ მესამე სეტში გაუწია
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ადგილი АТР-ს რეიტინგით) დაასრულა ასპარეზობა „უიმბლდონზე“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მესამე ტურნირზე.

მეორე რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში – 3:6, 2:6, 6:7 წააგო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დენიელ ევანსთან (61). მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ორი პირველი პარტია კორტის მასპინძლის უპირატესობით წარიმართა. ევანსი უფრო აქტიური იყო გათამაშებაში და ხშირად აიძულებდა ბასილაშვილს შეცდომების გაკეთებას. საერთო ჯამში, ორ სასტარტო სეტში ქართველმა სპორტსმენმა 32 არაიძულებითი შეცდომა დაუშვა (მეტოქემ - 10).

ბასილაშვილი არც ისე კარგად მოქმედებდა საკუთარ ჩაწოდებაზეც - მან მეტოქეს ხუთი ბრეიკ-პოინთის გაკეთების საშუალება მისცა.

მესამე სეტში ნიკოლოზმა თამაში გაათანაბრა, მაგრამ უშედეგოდ. საქმე მივიდა ტაი-ბრეიკამდე, ბასილაშვილმა მასში 2:7 დათმო და ინგლისური საჩოგბურთო კლუბის კორტები დატოვა.

ქართველი ჩოგბურთელი ბალახის კორტებზე კვლავ დამარცხდა >>

რაც შეეხება ევანსს, მესამე წრეში ის მარინ ჩილიჩი (ხორვატია) - ჟოაო სოუზა (პორტუგალია) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

„უიმბლდონი“ – „დიდი სლემის“ სერიის მესამე ტურნირი წელს 14 ივლისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.