ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური უკვე დაუმაგრეს - ვიდეო

ნიკა მელია ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრის დატოვებას ვერ შეძლებს
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ოპოზიციონერ ნიკა მელიას, რომელსაც რუსთაველის გამზირზე მიტინგებზე არეულობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედება ბრალად, ელექტრონული სამაჯური უკვე დაუმაგრეს, იუწყება პირველი არხი საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს >>

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მელიამ  უნდა ატაროს ელექტრონული სამაჯური, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში სიგნალს გადასცემს.

„სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა 3 ივლისს ნიკანორ მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს... ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემის – ელექტრონული სამაჯურისა და მიმღებისაგან. სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება. ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს”, – განმარტავენ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს მონაცემებით, პროცედურას ოპოზიციონერის ადვოკატები ესწრებოდნენ.

ნიკა მელია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. პარტია თავის დროზე დააფუძნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. პარტია პარლამენტში უმცირესობის სახით არის წარმოდგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირაში მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ადრე გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო და მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

მელიას ბრალად ედება არეულობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ, როდესაც აქციის მონაწილეთა დიდმა ჯგუფმა მელიასთან ერთად პოლიციელების კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადა. მომიტინგეთა მიერ პარლამენტის შენობის შტურმის მცდელობების შემდეგ სამართალდამცველებმა დაიწყეს აქციის დაშლა - მათ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, 300-ზე მეტი დააკავეს.