თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ახლახან რუს ტურისტებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, ერთ-ერთ რუსულ ონლაინ-გამოცემაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თან ერთვის 2014 წლის ვიდეოკადრები, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ფიზიკური აგრესია.
„შექმნილი ვითარების ფონზე მიუღებელია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტებზე თავდასხმის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილია მოქალაქეთა და უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო, ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს.
თბილისში არეულობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში უცხოელებმა საქართველო თითქმის 3 მილიონჯერ მოინახულეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 540 ათასჯერ, რაც გასული წლის იგივე პერიოდს თითქმის მესამედით აღემატება.