თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ოთხშაბათს კიევის სასამართლომ 15 ივლისისთვის გადადო „რია ნოვოსტის“ უკრაინის პორტალის ხელმძღვანელ კირილ ვიშინსკის საქმის განხილვა იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ სხდომის დღეს ორი პროკურორის შეცვლა გადაწყვიტა.
მოსკოვი მოუწოდებს გაეროს, ვიშინსკის საქმეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს >>
სასამართლომ იურისტებს მოუწოდა, სხდომისათვის „სათანადოდ“ მომზადებულიყვნენ. სასამართლო დარბაზში ვიშინსკიმ განაცხადა, რომ პროკურატურას აღელვებს არა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ ჟურნალისტი გისოსებში დატოვოს.
„შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური თამაშები გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მხრიდან, რომელმაც გუშინ ხალხს აქ მოსვლისკენ მოუწოდა, რათა არ დაეშვათ ჩემი შესაძლო გათავისუფლება, გრძელდება... ეს მეორე სილაა (უკრაინული მართლმსაჯულებისთვის, - რედ.)“, - დასძინა ვიშინსკიმ.
ადვოკატ ანდრეი დომანსკის აზრით, ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარისთვის ჯერ არ წარუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ჟურნალისტის დანაშაულზე მიუთითებს.
ვიშინსკის საქმე
ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს. მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატსა და დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარდაჭერაში. ჟურნალისტს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დროს მან დახმარებისთვის ვლადიმერ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვითარებას უპრეცედენტო უწოდა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის დააკავეს.
შეშფოთება გამოხატა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმაც, რომელმაც მიუთითა, რომ ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა უნდა იცავდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ ერეოდეს მასმედიის მუშაობაში.
2019 წლის აპრილში 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა რუსეთიდან და მთელი მსოფლიოდან ხელი მოაწერა მიმართვას უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სახელზე და ვიშინსკის გათავისუფლება მოითხოვა.