სოსო პავლიაშვილი ქათამაძის შესახებ: „გთხოვთ, არ გაკიცხოთ"

სოსო პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ნინოსნაირად არ მოიქცეოდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ყველას მოუწოდებს, არ გაკიცხონ ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე იმის გამო, რომ მან რუსეთში კონცერტებზე უარი განაცხადა, იუწყება Вечерняя Москва.

ქათამაძემ განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთში აღარ გამოვა, თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე სოციალურ ქსელებში მიმდინარე კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. უფრო მეტიც, მან ბოდიში მოიხადა 22 ივნისს მოსკოვში ფესტივალზე Усадьба Jazz მორიგი გამოსვლის გამო.

„ნინო ქათამაძე თავის გადაწყვეტილებას იღებს. მე ასე არ გავაკეთებდი. მაგრამ არ ვკიცხავ მას და თქვენც გთხოვთ – არ გაკიცხოთ, რადგან ძალზე ნიჭიერი ადამიანია. შეიძლება დროთა განმავლობაში ნინო ისევ ჩამოვიდეს გასტროლებზე რუსეთში", – განაცხადა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, ემოციები ამ შემთხვევაში კარგი არაა.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

საქართველოში უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეს აქციები რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს გამოჩენის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ სკანდალი მას შემდეგ ააგორა, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, და ჩაშალა მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია.

პავლიაშვილის თქმით, მთლიანობაში რუსეთის მიმართ საქართველოში ცუდი განწყობა არა აქვთ, უბრალოდ, ზოგიერთებს ნეგატიური სახის შექმნა სურთ.

„ვიღაცამ ეს, შესაძლოა, შეაფასოს ისე, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ეს ასე არაა. დიახ, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც უნდათ ასეთი ნეგატიური სახის შექმნა, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის მიმართ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა. გინდათ გაიგოთ და იგრძნოთ? – უბრალოდ უნდა ჩახვიდეთ საქართველოში, ხოლო რაღაც დასკვნების გაკეთება მოსკოვიდან სწორი არ არის", – განაცხადა პავლიაშვილმა.

„ყველაფერი გაივლის!“ – ვალერი მელაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე>>

საპროტესტო აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.