საქართველოში წითელათი დაავადების რიცხვმა იკლო

წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, განუცხადა  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ყველაზე ხშირად რომელი დაავადებებისგან იღუპებიან საქართველოში

მისი თქმით, ბოლო თვეში წითელას გავრცელების კუთხით არსებული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

კერძოდ, თუ მაისში ყოველდღიურად საშუალოდ წითელათი დაინფიცირების 15-20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ დიაგნოზს დღეში საშუალოდ 3-6 პაციენტს უსვამენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვითარების გაუმჯობესებას ვაქცინაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ დამატებითი აცრა 150 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა. თუმცა, მიზნობრივი მაჩვენებლით, ეს მონაცემები 250 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა წითელას გავრცელება კიდევ უფრო შემცირდეს.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით 20-დან 40-წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებმაც დაზუსტებით არ იციან, აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ვაქცინაცია ჩაიტარონ.

საქართველოში 1 იანვრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე  დაფიქსირდა წითელას 335 შემთხვევა, რაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიურ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს. ეს მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება ამჟამად შედარებით უფრო გავრცელებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.

რომელ დაავადებებს მკურნალობენ საქართველოს კურორტებზე

ეპიდაფეთქება იყო გასულ წელსაც – 2018 წლის იანვარ-თებერვალში 370-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევა. წითელამ იფეთქა 2004-2005 წლებშიც, მაშინ 14 500-მდე ადამიანი დაავადდა და 9 დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით გეგმიური იმუნიზაციის შემოღება მოჰყვა.

წითელას საწინააღმდეგო აცრები საქართველოში ჯერ კიდევ 51 წლის წინ დაიყო, როცა წითელას ეპიდემია ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით.

წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.