ქმრისა და შვილის მკვლელობისათვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს საპატიმროში. მისი თქმით, ციხემ საკუთარი თავის სიყვარული ასწავლა.
„ციხეში საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე. დავდექი სარკესთან და ჩემ თავს ვაკოცე“, – აცხადებს მსჯავრდებული.
პაპიძე ციხეში ხატავს, მუშაობს თიხაზე და, მისი თქმით, ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს.
„ძნელია ნამუშევრებით მოჰყვე ის, რაც შიგნით იგრძნობა, მაგრამ მაინც საშველია. ვკითხულობ, მიყვარს ლიტერატურა. გადავწყვიტე წერილებზე მემუშავა. შეიძლება ერთი ფარატინა ფურცლით ისეთი სიტყვა მოგივიდეს, რომ ციხეში იფრინო“, – ამბობს პაპიძე.
მაგდა პაპიძე ისევ ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. მისი თქმით, მისი ქმარ-შვილი ყოფილმა სპეცრაზმელმა დახოცა.
სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა >>>
პაპიძე აცხადებს, რომ სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა და ეს იყო მისი ფეხმძიმობისა და იმ ბავშვის მამის ვინაობის შესახებ, რომელსაც მუცლით ატარებდა.
მისი თქმით, სასამართლოზე ტყუილი იმის გამო თქვა, რომ მეგობარი მამაკაცის ოთო ბერძენიშვილის მიმართ ეჭვები არ გაჩენილიყო.