ვისთვის იქნება საათობრივი პარკირება ფასიანი და ვისთვის – უფასო

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის მერიამ სპეციალური პავილიონი განათავსა.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე 1 აგვისტოდან ამოქმედდება, იუწყება თბილისის მერია.

მძღოლების საყურადღებოდ! თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება>>>

ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის შეიძლება ახალი ჯარიმები დაწესდეს

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით მოსახლეობამ ვებ-გვერდზე – www.parking.tbilisi.gov.ge მათთვის სასურველი ავტომობილი უნდა მიუთითოს, რაშიც მათ კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური პავილიონი მოემსახურება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთი ლარი იქნება, B ზონაში – ორი ლარი, ხოლო C ზონაში – სამი ლარი.

ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:

• 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;

• ელექტრომობილების მფლობელებისთვის;

• შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;

• ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;

თბილისის მერიამ ფასიანი პარკირების შემოღებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით Man-ის მარკის ახალი, მწვანე ფერის ავტობუსების დიდი ნაწილი ძველი თბილისის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე გადაანაწილა. კერძოდ, ლესელიძის ქუჩაზე მოძრაობენ N50, N55 და N71 მწვანე ავტობუსები.

სჭირდება თუ არა თბილისს ფასიანი პარკირება – Sputnik-ის მკითხველთა აზრი ორად გაიყო

საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილზე უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. გარდა ამისა, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხჯერ უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

ზონალურ-საათობრივი პარკირება – ეს არის მოდელი, რომელიც ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დაინერგა. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული სისტემა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიიჩნევა.

პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.