საპროტესტო აქციის მეთორმეტე დღე: რა ხდება პარლამენტთან

თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე უკვე მეთორმეტე დღეა, საპროტესტო აქცია გრძელდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, რა ხდება პარლამენტის შენობის წინ.
Sputnik

თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე უკვე მეთორმეტე დღეა, საპროტესტო აქცია გრძელდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, რა ხდება პარლამენტის შენობის წინ.

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს. 

თავდაპირველად საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაგრამ 22:00 საათისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილმა ძალის გამოყენებითა და პოლიციელებზე თავდასხმით პარლამენტის შტურმით აღება სცადა. პოლიცია ორი საათის განმავლობაში იგერიებდა შეტევას, შემდეგ კი მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიციის მოქმედება იძულებით ზომად შეაფასეს, რომელიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობის აღსაკვეთად გახდა საჭირო.

არეულობისა და აქციის დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. იმ ღამეს 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში ამ დროისათვის ექვსი ადამიანი რჩება. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

საპროტესტო აქციები იმ დროიდან არ წყდება, თუმცა მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ხელსუფლებამ თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა – დათანხმდა საარჩევნო სისტემის შეცვლას, გადააყენა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, არეულობის დროს დაკავებული პრაქტიკულად ყველა პირი გაათავისუფლა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო. შეუსრულებელი რჩება მხოლოდ ერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.