კალაძე: პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ცვლილებების შეტანა საჭირო იყო

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საკონსტიტუციო ინიციატივაზე საუბრობს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.
Sputnik

„საზოგადოებამ იცის, რომ უკვე წლებია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში დგას. არაერთხელ გამართულა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა იყო საჭირო. ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამართა კონსტიტუციაში ცვლილებების სავარაუდო ვარიანტის პრეზენტაცია „პროპორციული არჩევნები 2020“.