თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს რვა წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 2018 წლის 30 დეკემბერს მოხდა. მამაკაცმა მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით ქალი გათიშა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული თბილისში 2019 წლის 1 იანვარს დააკავეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იგი მსხვერპლზე 11 წლით უმცროსი აღმოჩნდა. პოლიციამ დაკავებულის სახლიდან ელექტროშოკი და სხვა სამხილები ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) აღიძრა, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.