დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

დღეს და ხვალ აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოქვეყნდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი >>

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის, ​აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში.

სიახლეები წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი

წელს საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

თბილისში საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

მეტრო “ახმეტელიდან” მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;

მეტრო “ახმეტელიდან” გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;

მეტრო “ვარკეთილიდან” N117 საჯარო სკოლამდე;

მეტრო “სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო “დიდუბიდან” N147 საჯარო სკოლამდე.

ტრანსპორტზე მითითებულია დაწესებულების სახელწოდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.