მსოფლიო დღეს

აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან ქაბულში: ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ქართველი სამხედროები განაგრძობენ ავღანეთში თავიანთი მოვალეობების შესრულებას.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მძლავრი აფეთქების შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“: რა მისწერეს ავღანეთში ქართველ სამხედროებს უმცროსკლასელებმა

ქაბულში ამ დილით თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურ ცენტრთან ახლოს აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 68 ადამიანი დაშავდა. ქაბულში დისლოცირებული არიან ქართველი სამხედროებიც, რომლებიც მონაწილეობენ ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support).

„ჩვენი სამხედროები არ დაშავებულან. თავდასხმა ავღანურ ძალებზე განხორციელდა. ჩვენები ბაზაზე იმყოფებიან და განაგრძობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას“, – აღნიშნა პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.