ევროკავშირის ელჩი: კონსტიტუციას არავინ არ უნდა გასცდეს

კარლ ჰარცელის თქმით, პოლიციის მხრივ გადამეტებული ძალის გამოყენების თაობაზე გამოძიება დაწყებულია და ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავაც განაგრძობს „ამ პროცესთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წახალისებას“. 
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ დემონსტრაციის და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება თითოეულ მოქალაქეს აქვს, ოღონდ მან არ უნდა გადააბიჯოს კონსტიტუციას, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„ადამიანს დემონსტრაციის და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, ოღონდ კონსტიტუციის გათვალისწინებით და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მივალთ კონსენსუსამდე. ეს კი, ორივე მხრიდან კეთილ ნებას საჭიროებს“, — განაცხადა ჰარცელმა. 

ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს

მისი თქმით, პროცესი უძრავი არ არის, პოლიციის მხრივ გადამეტებული ძალის გამოყენების თაობაზე გამოძიება დაწყებულია და ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავაც განაგრძობს „ამ პროცესთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წახალისებას“. 

კარლ ჰარცელს იმედი აქვს, რომ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობა გამოძიებას კიდევ  უფრო გამჭვირვალესა და სანდოს გახდის.
მანამდე ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს „ხელს შეუწყობს დიალოგსა და პროცესის დინამიკას“.