გუდაურში საზაფხულო სეზონი 29 ივნისს გაიხსნება

ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ზაფხულის სეზონს გახსნის, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე

გუდაური სტუმრებს 29 ივნისიდან მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის 5 ათასი მეტრი სიგრძის ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

„საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სამთო კურორტები პოპულარული იყოს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

გუდაური - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში. კურორტი ზღვის დონიდან 2,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე.