„წადი!“: აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 27 ივნისს, 19:00 საათზე განახლდება.

აქციის ორგანიზატორები, სავარაუდოდ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას გამართავენ. ისინი 19:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბებიან, დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ კი მსვლელობას დაიწყებენ.

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავშეკავებით იმოქმედოს>>>

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მერვე დღეა მიმდინარეობს.

ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი აგრძელებს პროტესტს და მათ მიზნის მისაღწევად დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნის შესრულება - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

აქციის მონაწილეთა თავდაპირველი მოთხოვნები იყო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით, 21 ივნისის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. 

რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან – სააპელაციო სასამართლოს ბრიფინგი

საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

დღეისათვის ხელისუფლებამ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და თანაც ნულოვანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარების პირობა დადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ყველა დაკავებული პირი გაათავისუფლა.

აქციის დროს სულ 305 პირი დააკავეს, მათი ნაწილი მაშინვე გაათავისუფლეს, ხოლო დარჩენილ 121 ადამიანს ხელისუფლება ეტაპობრივად ათავისუფლებდა. ბოლო 51 ადამიანი სასამართლომ ოთხშაბათს გაათავისუფლა.

ამგვარად, აქციის მონაწილეებს დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.