ნათია თურნავა: საქართველოს ავტოპარკი ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ჩვენი მიზანია უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ავტოპარკი ახალი ელექტრომობილებით, მათ შორის, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილებით ჩავანაცვლოთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისი და გუანჯოუ თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ>>>

გუშინ ქუთაისში ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup-მა საქართველოში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალურ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის არ იქნება განკუთვნილი.

„ჩვენ ვაშენებთ მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა ნიშნავს, რომ ვავითარებთ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს. ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა სწორედ ასეთი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო იხსნება სწორედ ქუთაისში, რომელიც ცნობილია თავისი ინდუსტრიული ტრადიციებით. ამ პროექტის განხორციელებით ქუთაისი იბრუნებს მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსს“, – განაცხადა თურნავამ. 

ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში ორ წელიწადში აშენდება

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

პროექტი მსხვილ ჩინურ კორპორაცია Changan Automobile-თან პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, სადაც მთლიანობაში 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.

ქართული ელექტრომობილების დიზაინს მსოფლიოში ცნობილი ზვიად ციკოლია შექმნის, რომლის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი 914"-ის, "დიდგორი მედევაკის" და "ლაზიკას" დიზაინის შექმნაც.