სასამართლომ აქციაზე დაკავებული 51 პირი გაათავისუფლა

თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. აქციაზე დაკავებული მოქალაქეები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

საუბარია თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებზე.

ადმინისტრაციული პატიმრობიდან 51 პირი გათავისუფლდა.

უწყების ინფორმაციით, 25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები.

რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან – სააპელაციო სასამართლოს ბრიფინგი

„ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს. აქედან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.