24 ივნისს ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა 23 წლის ქართველი დიზაინერის, აკა ფროდიაშვილის ტყავის სამოსით მივიდა ნიუ-იორკში, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ „აპოლოში“ გამართულ წარმოდგენაზე. ვრცელ სტატიას ქართველ დიზაინერს ჟურნალი VOGUE უძღვნის.
ლედი გაგას ფოტოს საკუთარ „ინსტაგრამზე“ ქართველი დიზაინერიც აქვეყნებს. გამოცემის იფორმაციით, აკა ფროდიაშვილი გამოირჩევა საკუთარი სტილით, მის კოლექციაში სჭარბობს ქვიარ აქტივიზმი და აკა ფროდიაშვილმა სწორედ ქვიარ ადამიანებს, სიყვარულსა და თავისუფლებას მიუძღვნა ჩვენება 6 მაისს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.
ჟურნალი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, ლედი გაგა წინასწარგანზრახვით უჭერს მხარს ახალგაზრდა ქართველ ქვიარ დიზაინერს თუ არა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს ხდება - როდესაც ქვეყანაში პირველი „თბილისი პრაიდი“ გადაიდო რუსეთ-საქართველოს შორის გაზრდილი დაძაბულობისა და საქართველოს დედაქალაქში დაწყებული მასობრივი გამოსვლების ფონზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავმა ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი მოირგო. აქამდე გაგა საზოგადოების წინაშე თამუნა ინგოროყვასა და ავთანდილის კაბებშიც გამოჩენილა.