მელიას ადვოკატი: „ეს არის აბსურდული ბრალდება“

ადვოკატის თქმით, თუ პროკურატურის ბრალი 20 ივნისს ნიკა მელიას გამოსვლასა და მშვიდობიან მოწოდებებს ეყრდნობა, ეს აბსურდია.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პარლამენტს აბსურდული ბრალდებებით მიმართა, თითქოს არის მელიას მიმალვის საფრთხე, განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროკურატურაში, სადაც ის ბრალდების დადგენილების მისაღებად მივიდა.

პარლამენტის წევრი ნიკა მელია საქართველოს პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ადვოკატის თქმით, თუ პროკურატურის ბრალი 20 ივნისს ნიკა მელიას გამოსვლასა და მშვიდობიან მოწოდებებს ეყრდნობა, ეს აბსურდია.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს>>

კონდახაშვილმა აღნიშნა, რომ საქმეში დარღვევები პირველივე წუთებიდან არის.

„ჩვენ ვთხოვეთ პროკურატურას, გადმოეცა საქმის მტკიცებულებები, რას ეყრდნობა ბრალდება, თუმცა, არ გადმოუციათ იმ ფონზე, რომ პროკურატურას პარლამენტთან ჰქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. თუ პროკურატურა ნიკა მელიას ორ განცხადებაზე საუბრობს, სადაც ნიკა მელია მშვიდობიანად მიუთითებს, ხელებაწევით შევიდეთ და გავაპროტესტოთ პარლამენტის ეზოში... თუ ეს არის გადატრიალება და მასობრივი არეულობის, ბუნტის მოწყობა, ეს არის აბსურდული ბრალდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მელია პარლამენტში მივიდა, ხოლო თვითონ, როგორც მისი უფლებადამცველი, კანონიერად იბარებს ბრალდებას, თუმცა მელია მზად არის, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

პარლამენტში ამ დროისთვის მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. სხდომას პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

დილით გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მელია მართლმსაჯულებას დაემალოს, ასევე, რომ მან მოწმეებზე მოახდინოს გავლენა.

„გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა გულუაშვილმა.

ბახტაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა>>

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. როგორც სამართალდამცველ უწყებებში აცხადებენ, მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცველებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია. 

მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ>>

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.