ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს

ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივას პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ევროკავშირის სხვა ელჩებიც მიესალმებიან.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს „ხელს შეუწყობს დიალოგსა და პროცესის დინამიკას“. 

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმ ხარვეზების აღმოფხვრას დაეხმარება, რომელიც აღნიშნული იყო ეუთოს ორ ანგარიშში წინა არჩევნებზე“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.  

ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივას პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ევროკავშირის სხვა ელჩებიც მიესალმებიან. 

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ ინიციატივას

„ჩვენ ცალსახად მივესალმებით ამ შესაძლებლობას და ინიციატივას, რომელსაც მოითხოვდა სხვადასხვა მხარე“, — აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ორშაბათს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. აღნიშნულ ინიციატივას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.