„ნახეთ ნამდვილი მთა“ - გურამ კაშია „ბრტყელი ქვეყნის“ მცხოვრებლებს მიმართავს

ქართველი ფეხბურთელი, სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენებისა თუ ხელოვანების მსგავსად, ასევე შეუერთდა ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ ქსელში ხელმომწერებსა და ჰოლანდიელ მეგობრებს მიმართავს და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ქართველი ფეხბურთელი, სხვა ცნობილი ქართველი სპორტსმენებისა თუ ხელოვანების მსგავსად, ასევე შეუერთდა ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში.

კაშია საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებს საქართველოს სარეკლამო ვიდეოს და შემდეგი შინაარსის პოსტს ურთავს:

„მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია და მრავალი ზღვა გადამიკვეთია, მაგრამ ქართულ საჭმელთან ახლოს ვერაფერი მივა. გეფიცებით, არც კი იცით, რა გელით. ულამაზესი ბათუმური არქიტექტურა და ზღვა ზაფხულში, ზამთარში კი თხილამურებით სრიალი. საქართველო ყველა სეზონზე მშვენიერია! ჩემო ნიდერლანდელო მეგობრებო, იმოგზაურეთ საქართველოში და, ბოლოს და ბოლოს, ნახეთ ნამდვილი მთა (მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბრტყელი ქვეყანაც მიყვარს)... ლეგენდა ამბობს, რომ თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფია“, — წერს კაშია.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელის შალვა ალავერდაშვილის თქმით, წინასწარი გათვლებით, რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა საქართველოში, შესაძლოა, 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.