ზურაბ ჯაფარიძე: პრორუსული ძალები პარლამენტში უნდა შევიდნენ, თუ აიღებენ 0.67%-ს

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგ საჯაროდ დაფიქსირებული არგუმენტები არის ბოდვა.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნულოვან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, იწონებს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი სისტემაა.

ამის თაობაზე მან საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა. 

სააკაშვილი: ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტურად სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი

ჯაფარიძის თქმით, ნულოვანი ბარიერი  რეალურად ნიშნავს 0,67%-ს და ბუნებრივი ბარიერია.

ჯაფარიძე ასევე აფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, ექსპრეზიდენტი შესაძლოა რამდენიმე მიზეზით არ ეთანხმებოდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილს ეშინოდეს რუსთაველზე მიმდინარე აქციების მუხტის დავარდნისა, „რაც ხელს შეუშლის რევოლუციური სცენარის განვითარებას“.

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგ საჯაროდ დაფიქსირებული არგუმენტები არის ბოდვა.

„1. პრორუსული ძალები შევლენ — და რატომ არ უნდა შევიდნენ თუ აიღებენ 0.67%-ს? დემოკრატიის აღარ გჯერათ? თან გჯეროდეს რომ „ოცნება“ პრორუსულია და მასზე ბურჯანაძის მიმატების გეშინოდეს, ცოტა სასაცილოა. 2. ბიძინა შექმნის პატარ-პატარა პარტიებს და შეიყვანს პარლამენტში — ალბათობა დაბალია, ყველა დაიწვება. ასეც რომ არ იყოს, ეგეც დემოკრატიის ნაწილია“, — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

„გირჩის“ ლიდერის თქმით, „ახლა საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე გაფორმება და ფოკუსირება დანარჩენ მოთხოვნებზე“.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.