საპროტესტო ავტოკოლონა შსს–კენ დაიძრა: რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნული აქცია გუშინ დააანონსეს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik.  საპროტესტო აქციის მონაწილეების ავტოკოლონა  რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ  სიგნალებით გაემართა. 

ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორი

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნული აქცია, რომლის სლოგანია „დაუსიგნალე მთავრობას“, გუშინ დააანონსეს.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 300 ადამიანი დააკავეს.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები მეხუთე დღეაგრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებიდან ორი – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების  პროპორციული სისტემით ჩატარება – დაკმაყოფილებულია. 

რაც შეეხება აქციის მონაწილეების ერთ–ერთ მთავარ მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კვლავ აქტუალურია.