თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებაში.
„მივესალმებით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს“, — აღნიშნა ჰარცელმა.
მისი თქმით, ეს საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიასა და პლურალიზმს განამტკიცებს.
ამასთან, კარლ ჰარცელი ყურადღებას ამახვილებს ეუთოს/ODIHR რეკომენდაციებზე, მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე და კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ „20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებული იქნება“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გამოთქვამს რწმენას, რომ „ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით“.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.