აქციის დროს დაკავებული ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ 305 ადამიანი დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ხუთი პირი სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ოთხი მათგანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

კერძოდ, მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებით, ოთხმა ბრალდებულმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და მათ განესაზღვრათ სამი დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, ეს ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

ერთი ჟურნალისტი, ორი პოლიციელი და რამდენიმე მოქალაქე კვლავ კლინიკაში რჩებიან

მეხუთე განსასჯელს, გიორგი ნაჭყებიას კი ადმინისტრაციული პატიმრობა ხუთი დღე-ღამის ვადით განესაზღვრა, შესაბამისად, პატიმრობაში დარჩა და ის დაწესებულებას ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულებს 13-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.