თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაწყების წინ თბილისს გადაუარა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომლის შემდეგ თბილისელებმა ულამაზესი ცისარტყელა იხილეს.
რიყის მოედანზე ძლიერი ქარისა და კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი კორეის მოქალაქე.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები თბილისის რამდენიმე რაიონს შეუქმნა. პირველი არხის ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ორთაჭალაში და რუსთაველის გამზირზე, სადაც მეხუთე დღეა ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.
მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე მანქანებს ხეები დაეცა. შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა მანქანები დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოსული შეტყობინებები წაქცეულ ხეებს, ახდილ სახურავებს და დატბორილ ქუჩებსა და ეზოებს უკავშირდება.