საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჯერ გაიმარჯვა და გასული წლის „მუნდიალზე“ მიღებული შედეგი ერთი პოზიციით გააუარესა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) იტალიის გუნდთან 17:29 წააგო და არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემაჯამებელ ოქმში მეათე ადგილი დაიკავა.

იტალიელებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურდ დაიწყეს და ანგარიში უკვე მე–12 წუთზე გახსნეს. პირველი ნახევარი იტალიელებმა მოიგეს – 7:3.

მეორე ნახევრის დებიუტი ქართველ მორაგბეებს დარჩათ. უპირატესობა მათ ბოლო 20 წუთის განმავლობაში დათმეს, როდესაც იტალიელებმა შესაშურად ითამაშეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 17:29.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჯერ გაიმარჯვა და გასული წლის „მუნდიალზე“ მიღებული შედეგი ერთი პოზიციით გააუარესა. მაგრამ მაინც, მაისურაძის გყნდმა შეინარჩუნა ადგილი ელიტაში და მომავალ წელს ზედიზედ მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში.

ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ავსტრალია 24:23 ანგარიშით დაამარცხა. მესამე ადგილზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მორაგბეები გავიდნენ, რომლებმაც არგენტინელები 41:16 დაამარცხეს.