რა მდგომარეობაშია აქციისას მძიმედ დაშავებული ორი პირი

თბილისში პარლამენტის შენობასთან არეულობის დროს დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 - პოლიციელია
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. პარლამენტის წინ აქციისას მძიმედ დაშავებული მოქალაქე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დღის ბოლომდე მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოებიდან უკვე გაეწერა.

საქართველოს პარლამენტთან აფეთქების მომზადებისთვის 70 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ასევე რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს, ექიმები მასზე დაკვირვებას განაგრძობენ. კლინიკის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

„რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს სამი პაციენტი. აქედან ერთს კომბინირებული ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა – ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური. წარმატებით დასრულდა ოპერაციები, მხედველობის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ეს პიროვნება გუშინ ფილტვების ხელოვნური მართვის აპარატიდან მოიხსნა, კონტაქტურია და არის დადებითი დინამიკა. რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი განაგრძობს დაკვირვების ქვეშ მკურნალობას“, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

„ჰემატომები თავზე“: რას იხსენებენ აქციის დაშლის დროს დაშავებული ადამიანები - ექსკლუზივი >>

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში 23 პაციენტი რჩება და მათი ნაწილი დამატებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კლინიკებს დატოვებს.