ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა

ადგილობრივების განცხადებით, ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩაწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში არაკეთილსინდისიერი მშენებლების მიმართ სანქციები გამკაცრდება

შემთხვევის დროს ლიფტში 9 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაჟეჟილობა მიიღო, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების განცხადებით, ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა.

„გვარწმუნებდნენ, რომ ლიფტი უსაფრთხო იყო. თვითნებურად არ ვამუშავებდით. ერთი პირი დაყვებოდა სულ. სწორედ ისაა გადაყვანილი კლინიკაში. ლიფტი მესამე სართულიდან მოწყდა და ყველა შახტაში ჩავცვივდით. მსუბუქი დაზიანებები მაქვს. ვითხოვ, მოაწესრიგონ ლიფტი და ვინც პასუხისმგებლები არიან, მომხდარზე პასუხი აგონ“, – განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრე მარიამ იაშვილმა.

22 სართულიანი შენობა, სადაც ლიფტი ჩამოვარდა, დაუსრულებელია. სახლში უკვე ერთი წელია 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეები სარგებლობდნენ ისეთი სატვირთო ლიფტით, რომელსაც კარი არ აქვს.