დარბევისას დაშავებული კაცის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია - პაციენტი უგონო მდგომარეობაშია

პარლამენტთან აქციის მონაწილეების დარბევისას დაშავებული შუახნის კაცი ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში რჩება
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ალადაშვილის კლინიკაში რჩება 20 ივნისის დარბევისას დაშავებული შუახნის კაცი, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მას თავში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი და ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება ქათული მედია.

თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი რჩება

ექიმის ინფორმაციით, კაცს შესაბამისი პროცედურები უკვე ჩაუტარდა და ახლა პოსტოპერაციულ კურსს გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამ დროისთვის თბილისის კლინიკებში 52 პაციენტი რჩება, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი  საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პროტესტის ღამე თბილისში - პარლამენტთან გამართული მასშტაბური აქციის ფოტოები >>>

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა. ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 - პოლიციელია.