სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის

სახალხო დამცველის მოადგილემ დაკავებულები მოინახულა
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს შეისწავლის, განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ ჟურნალისტებთან.

გახარია: პოლიცია ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები

თამარ გვარამაძე შსს-თან მივიდა, სადაც „პირველი არხის“ ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი ჰყავდათ დაკავებული. მისი თქმით, დილას გაიგეს ფაქტის შესახებ, მივიდნენ უწყებაში, თუმცა მუხიგულაშვილი აღარ დახვდათ.

„ის უკვე გათავისუფლებული იყო, მაგრამ მოვინახულეთ ამ შენობაში დაკავებული სხვა 23 ადამიანი“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

„პირველი არხის“ ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დღეს, გამთენიისას პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის კადრების გადაღებისას დააკავეს. მან შსს-ს შენობა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.