თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რუსმა პარლამენტარებმა მკვეთრად გააპროტესტეს საქართველოში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და შემდეგ დაწყებული არეულობა თბილისის ცენტრში.
„ეს დიდი ხნის წინ დაპირისპირებული ძალების მორიგი შეჯახებაა. აბსოლუტურად შიდა ქართული კონფლიქტია იმ პოლიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებშიც ებრძოდნენ ერთმანეთს. თუმცა ამაში თავისი როლი შეასრულა ბატონმა სააკაშვილმაც“, — აღნიშნა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმ სკანდალის გამო, რომელიც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით აგორდა.
„რუსეთი წარმოდგენილი იყო როგორც ოფიციალური წარმომადგენელი ოფიციალურ ღონისძიებაზე საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში. და ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უნარი, ნორმალური პირობები შეუქმნას საერთაშორისო დელეგაციას, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს“, — აღნიშნა მან.
საპროტესტო აქცია თბილისში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე შეკრებილებს, მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. შედეგად, საავადმყოფოებში ასზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს — როგორც მომიტინგეები, ისე პოლიციის თანამშრომლები.