„თბილისი პრაიდი“ გადაიდო: ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

ორგანიზატორების თქმით, მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალი თარიღი ვითარების განმუხტვის შემდეგ გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik.  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას აუწყებენ, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისა და არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო, მათ მიერ დაგეგმილი  ღონისძიება რამდენიმე დღით გადაიდება.

„რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალი თარიღი ვითარების განმუხტვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამასთან, „თბილისი პრაიდი“ წერს, რომ მოქმედებენ „მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ მოქმედებენ და შესაბამისად, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მისცემენ თავს უფლებას, ხელი შეუწყონ „ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას“. 

თბილისი პრაიდი „ლგბტ კვირეულის“ ჩატარებას კვლავ აანონსებს

ღონისძიების ორგანიზატორები მადლობას უხდიან ათასამდე ადამიანს,  ვინც უკვე დარეგისტრირდა ღირსების მარშზე მონაწილეობის მისაღებად და ასევე ლგბტქი თემის წევრებსა და მხარდამჭერებს, „რომლებიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში ამხნევებდნენ და გვერდში ედგნენ“ მათ.

შეგახსენებთ: თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო ლგბტ−თემის პრობლემებისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენციაც  — „ღირსების მარში“ და სხვა აქტივობები.