თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ზუგდიდიდან და ქუთაისიდან თბილისში დამატებითი საპოლიციო ძალები გადმოჰყავთ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველები თბილისში სპეციალური სამხედრო ავტომობილებით გადმოჰყავთ. ამასთან, ასევე „რუსთავი-2-ის“ ცნობით, იგივე ვითარებაა საქართველოს სხვა დიდ რეგიონებში. გარდა ამისა, ზუგდიდის სოფლებში და ქალაქში ელექტოენერგია გამორთულია.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა მიმდინარეობს. პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან.
საპროტესტო აქცია დღეს საღამოს დაიწყო. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად ათობით ადამიანი დაიჭრა და ინტოქსიკაცია მიიღო. მიმდინარეობს დაკავებები.
ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების დაკავებები დაიწყო >>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.