რატომ გადაიდო ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია

ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი 26 ივნისისთვის გადაიდო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომპანია I Group ცნობით, რომელმაც ქარხანა უნდა ააშენოს, ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.

ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში ორ წელიწადში აშენდება

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათ წუხილს“, – განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანმა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დღეს, გამთენიისას 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომპანიის ინფორმაციით, პრეზენტაციასთან დაკავშირებული  დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.  ქარხანას ქუთაისში კომპანია I Group 24 თვის განმავლობაში ააშენებს. წარმოებაში დასაქმებული იქნება 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოების ჩაბარების შემდეგ 18 თვეში აეწყობა არანაკლებ 5000 ელექტრომობილისა.