ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი

ჟურნალისტი ბესიკ ფიფია რუბრიკაში „დიდი აადმიანები საქართველოში“ გიამბობთ, როგორ იმოგზაურა უდიდესმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა საქართველოში.
Sputnik

ბესიკ ფიფია

მსოფლიოს უდიდესი სწავლული, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნილს ბორი 1961 წლის 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა. შერემეტიევოს აეროპორტში მას სხვებთან ერთად დახვდა ელეფთერ ანდრონიკაშვილი — აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი.

ელეფთერ ანდრონიკაშვილმა ნილს ბორი საქართველოში მოიწვია.

„თქვენთვის საინტერესო იქნება, ერთმანეთისთვის შეგედარებინათ მეცნიერების განვითარების შესაძლებლობანი ორ პატარა ქვეყანაში, საქართველოსა და დანიაში“, — მიმართა ქართველმა მეცნიერმა. — ჩამობრძანდით ჩვენთან, კავკასიაში“. 

ნილს ბორმა მადლობა გადაუხადა მას, თუმცა უარი თქვა სტუმრობაზე — მოსკოვიდან ლენინგრადში აპირებდა წასვლას, რათა მეგობარს, აკადემიკოს ვლადიმერ ფოკს შეხვედროდა.

მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება ამ შეხვედრის წინააღმდეგი იყო. მათ ეშინოდათ, რომ ფოკი, რომელიც ხელისუფლებას მოძულებული ჰყავდა და ქვეყნიდან გასვლაც აკრძალული ჰქონდა, დანიელ მეგობარს კომუნისტების მხრიდან დევნის შესახებ უამბობდა, ის კი ამას მთელ მსოფლიოს მოსდებდა. ამიტომ ნილს ბორს უთხრეს, ვლადიმერ ფოკი შეუძლოდაა და კავკასიაში მკურნალობსო. და დანიელმა ფიზიკოსმაც თბილისში ჩამოფრენა გადაწყვიტა.

ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი

ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან:

1961 წლის 14 მაისის საღამოს თბილისელმა ფიზიკოსებმა აეროპორტი აავსეს. რეაქტიული თვითმფრინავის ძრავების გრუხუნმა იმის შესახებ გვამცნო, რომ ღრუბლებიდან ჩვენს მიწაზე ეშვება თანამედროვე ფიზიკის ღმერთი საბაოთი — ყველაზე დიდი დიდთა შორის — ნილს ბორი… შავებში გამოწყობილმა მაღალმა ფიგურამ, ხელში წვრილი შავი ქოლგით, თავი დახარა და გამოვიდა ტრაპის ზედა ბაქანზე. ამ დროს ატყდა ტაშისცემა და გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები: “ბორი! ბორი!..” მან თავი უკან გადასწია, რათა დამხვედრი ხალხისთვის შეეხედა სქელი წარბების ქვემოდან, მისასალმებელი ჟესტი გააკეთა და ტაშიც გაორმაგდა. მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: „ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, ერთმანეთს შევადარო ორი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის განვითარების პირობები, ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა თანაბარია და რომლებიც ასეთი განსხვავებული სოციალური კანონებით ცხოვრობენ“. 

ნილს ბორს თან ახლდნენ მეუღლე მარგარეტი და ვაჟიშვილი ოგე (ასევე მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში) ცოლთან ერთად. საპატიო სტუმრები აეროპორტის სამთავრობო აპარტამენტებამდე მიაცილეს, რათა ვიზიტის პროგრამა განეხილათ. დიდმა მეცნიერმა პროგრამიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამოშლა ითხოვა. სამაგიეროდ ელეფთერ ანდრონიკაშვილს უთხრა, სიამოვნებით გეწვეოდით შინ და ოჯახურ გარემოში გაგესაუბრებოდითო.

ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი

მეორე დილით ნილს ბორი თბილისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მას შესასვლელთან პროფესორებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფი დახვდა. სტუმარს დიდი ოვაციები გაუმართეს, გაისმა შეძახილი:

“დიდი ბორი ჩვენთანაა!” მოხუცი მეცნიერის თვალებზე, რომელსაც სხვა მრავალი შეხვედრაც უნახავს, ცრემლი აკიაფდა. ნილს ბორმა სტუდენტების წინაშე მოკლე სიტყვა წარმოთქვა და უნივერსიტეტი დაათვალიერა. 

ელეფთერ ანდრონიკაშვილმა დანიელი სტუმრები სადილზე შინ მიიწვია. მას ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ ბორისთვის ამის შესახებ არ უთქვამთ. უბრალოდ, მასპინძელს დროებით გამოუყვეს „მეუღლე“, ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა, სიმპათიური თანამშრომელი (რომელზეც ანდრონიკაშვილი მოგვიანებით მართლაც დაქორწინდა). „დიასახლისმა” სახლი მოაწესრიგა და სტუმრების მისაღებად ყველაფერი მოამზადა.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან:

“ნილს ბორის სახელი ყველასთვის სათაყვანებელი იყო და დამსწრეთაგან საუბრის ინიციატივას ვერავინ იღებდა. მაგრამ როგორც კი სტუმრები მაგიდას მიუსხდნენ, ვითარება გამოსწორდა: ვიღაცას ჭიქა წაექცა წითელი ღვინით. შეშფოთებულმა ხელები აიქნია და ხურდაში ბოთლიც მიაყოლა. შენ ხომ ყოველთვის რაღაცა უნდა დაგემართოსო, გაუწყრა მეუღლე „დამნაშავეს“.

მერე დაიწყო სადღეგრძელოები. როდესაც წვნიანი შემოიტანეს, ჩემგან მარჯვნივ მჯდომი ნილს ბორი წამოდგა და საუბარი დაიწყო. ამ დროს ხელებით მაგიდას ეყრდნობოდა. რაც მეტს ლაპარაკობდა, მაგიდას სულ უფრო ძლიერ ეყრდნობოდა. 

დაკრძალვა, ქეიფი და გორელი ვასილი – დიუმას ქართული შთაბეჭდილებები

უცბად რაღაც გაუგებარი მოხდა. ოვალურ გასაშლელ მაგიდასთან ნილს ბორის მოპირდაპირედ მჯდარი აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, რომელიც ერთი წუთის წინ მშვიდად მიირთმევდა წვნიანს და კოვზი ქვემოდან ზემოთ მიჰქონდა პირთან, ახლა მოულოდნელად თეფშის დონეზე აღმოჩნდა, თითქოს უეცრად ძალიან დაბალ სკამზე გადაჯდა… კიდევ ერთი წამი და ყალყზე შემდგარ მაგიდაზე ჭურჭელი დაცურდა. ნილს ბორმა მშვიდად დაიწყო მისკენ დაცურებული ჭურჭლის უკან დაბრუნება, თან ისე, რომ არც სიტყვა გაუწყვეტია და არც მაგიდაზე დაწოლა - სულ უფრო და უფრო მეტი ძალით.

მომხდარის მექანიკა მალე გასაგები გახდა: მაგიდას იმ მხარეს, საითაც მე და ბორი ვისხედით, ბრჯენი არ ჰქონდა. როგორც კი ამოცანის არსში გავერკვიე, უმალვე გამოვნახე გამოსავალიც: მუშტი მუშტს დავადე და ჩემს მუხლებსა და მაგიდის თავს შორის შევუყენე…“

როდესაც ნილს ბორი დაჯდა, მასპინძელმა იხუმრა: „ახალგაზრდა ქართულმა ფიზიკამ მსოფლიო მეცნიერების ფიზიკურ დაწოლას გაუძლო“. 

ნილს ბორმა მაშინ დაახლოებით 15-20 წუთი ისაუბრა სტუმართმოყვარე საქართველოს შესახებ, შეაქო საუნივერსიტეტო განათლება, მერე „ხვანჭკარის“ ღირსებებზე ილაპარაკა, რომლის ერთ ბოთლს გენიოსი ფიზიკოსი მარტო ცლიდა, ასევე ნიკო ფიროსმანზე, ქართულ ეროვნულ ხელოვნებაზე, საერთოდ, ხელოვნებაზე.

ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი

რაღაც მომენტში ნილს ბორმა მასპინძელს ჰკითხა, ხვალ პროფესორ ვლადიმერ ფოკთან შეხვედრა თუ მოხერხდებაო?

— მაგრამ ფოკი აქ არ არის, თავის სახლშია, ლენინგრადში, — უპასუხა ელეფთერ ანდრონიკაშვილმა.

— როგორ თუ ლენინგრადში?! — წამოიძახა ნილს ბორმა.

და საბჭოტა ხელისუფლების სიცრუით აღშფოთებულმა მეორე დღეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ოფიციალურ მიღებაზე უარი განაცხადა.

სამაგიეროდ კახეთში წაიყვანეს, სადაც წინასწარ გაგზავნეს მაგიდებითა და სკამებით, სამწვადით, ღვინით, ხილით, ლიმონათით, ჩიხირთმით, ნიგვზიანი ლობიოთი და ბადრიჯნით გაძეძგილი სატვირთო მანქანა. 

კახეთში XVI საუკუნის შუამთის მონასტერს ათვალიერებდნენ, რომ უცბად ქართული სიმღერა მოესმათ. ნილს ბორი დაინტერესდა, ეს რა არისო? უთხრეს, რომ იქვე ახლოს, ხის ძირას ქართველი გლეხები ქეიფობენ. დანიელმა მეცნიერმა მათი გაცნობა ისურვა. 

„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები

ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოგონებებიდან:

დაახლოებით ათი კაცი, უმეტესად ხანდაზმულები, მოწყობილიყვნენ ხალიჩის ირგვლის, რომელზეც საჭმელი, დოქები და თასები ელაგა. სუფრის თავში, ღვინის ცარიელ პატარა კასრზე, თამადა იჯდა. ჩვენ დანახვაზე წამოდგა, მისალმებაზე გვიპასუხა და გვკითხა:

— ვინ არიან ეს უცხოელები?

— ეს ყველაზე დიდი მეცნიერი ნილს ბორია… — დაიწყო განმარტება ერთ-ერთმა ჩემმა თანამგზავრმა.

თამადამ მოსაუბრეს ხელის მოძრაობით შეაჩერა და თანამეინახეებს უთხრა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მეცნიერი, ატომური ფიზიკის მამა ნილს ბორი გვწვევია სტუმრად დანიიდან. ვუსურვოთ მას და მის თანამგზავრებს დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობაო.

როდესაც ბორს თამადის სიტყვები ინგლისურად უთარგმნეს, არ დაიჯერა, რომ სადღაც, რომელიღაც სოფელში ასე ეცოდინებოდათ მის შესახებ. ეგონა, რაღაც სპექტაკლი თამაშდებაო. ელეფთერ ანდრონიკაშვილმა დაიფიცა, სპეციალურად მოწყობილი აქ არაფერიაო.

ნილს ბორის მოგზაურობა საქართველოში: კახელი გლეხები და ატირებული მეცნიერი

— ვინ არის ეს კაცი? — იკითხა დიდმა ფიზიკოსმა თამადაზე.

— ადგილობრივი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, — უპასუხეს მას.

— თუ ეს სიმართლეა, მაშინ აინშტაინის განტოლება დაწეროს, — მოითხოვა ბორმა.

— კეთილი, — უპასუხა სკოლის მასწავლებელმა და ქაღალდის ნაგლეჯზე ფორმულა დაწერა. მერე კი დაამატა:

— თუ გნებავთ, შრედინგერის განტოლებასაც დავწერ… 

მოკლედ, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მაგრამ მერე...

მერე სუფრის ერთი წევრი, დაბალი ტანის მოხუცი კაცი წამოდგა, დიდ მეცნიერს მიუახლოვდა, ფრთხილად აიღო მისი ხელი და აკოცა. გულაჩუყებულ ნილს ბორს ცრემლებმა სახე დაუღარა. ღრმად ჩაფიქრებულს ვიღაცამ ღვინის სასმისი მიაწოდა, გამოართვა და ჩუმად შესვა...

გლეხებთან გამომშვიდობების შემდეგ სტუმრები სადილად მიიწვიეს. მაგიდა ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი. დაიწყო პურობა. სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ნილს ბორის წინ მდგარ ხვანჭკარის ბოთლს წაატანა ხელი, მაგრამ მეცნიერმა ააცალა, მოშორებით გადადგა და უთხრა, ეს ჩემი ღვინოაო...

მეორე დღეს ბორი და თანმხლები პირები ფიზიკის ინსტიტუტს ეწვივნენ, სადაც კაზუსი შეემთხვათ: ლიფტში გაიჭედნენ.

— 76 წლის განმავლობაში ლიფტში პირველად გაჭედილმა ნილს ბორმა მორალური ტრავმა მიიღო, — იხსენებს ელეფთერ ანდრონიკაშვილი. — მან იდაყვში ხელი მტაცა და რაღაც გაურკვეველი და შეშინებული ბგერები გამოსცა. მე ღილაკებს ვაჭერდი — ყველას, რაც იყო… ბორი ახალ-ახალ ბგერებს გამოსცემდა, მისი თითები სულ უფრო მეტად მიჭერდნენ მხარში. ლიფტის გარეთ დაახლოებით ათი კაცი თავზარდაცემული იდგა და არ იცოდნენ, რა ეღონათ. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, როგორც იქნა, დავეშვით.

…დანიაში დაბრუნების შემდეგ დიდმა ნილს ბორმა თბილისში ასეთი შინაარსის წერილი გამოგზავნა:

„ძვირფასო პროფესორო ანდრონიკაშვილო! საქართველოს დღეები ყველა ჩვენგანისთვის ჭეშმარიტად საუცხოო იყო. ჩვენ თან წამოვიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებანი ქვეყნის სილამაზის, უძველესი ძეგლებისა და ხალხის სულის შესახებ. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო პიკნიკი მთის ხეობის შესანიშნავ ტყეში, სადაც დავტკბით გულითადი და პოეტური ატმოსფეროთი, რაც ასე ჰარმონიულად ეხამებოდა სიმღერებსა და ცეკვებს...