ამბიციები და მეგობრობის სურვილი - როგორ ჩაიარა კობახიძის ბულგარეთში ვიზიტმა

ირაკლი კობახიძემ შეხვედრები ბულგარეთის პირველ პირებთან და პატრიარქთან გამართა
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ბულგარეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ირაკლი კობახიძემ და ცვეტა კარაიანჩევამ სოფიაში ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობისა და ტრანზიტული პოტენციალის საკითხები განიხილეს, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებობს აუთვისებელი პოტენციალი სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობისთვის და მოტივირებულები ვართ, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. ჩვენს ქვეყნებს ერთობლივად შეუძლიათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდების ფუნქცია შეასრულონ და ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კობახიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამბიციები და მეგობრობის სურვილი - როგორ ჩაიარა კობახიძის ბულგარეთში ვიზიტმა

მან რწმენა გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობებს მეტ დინამიკას მისცემს.

„ჩვენი ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას, ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვდა ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს. განხილვის მთავარი თემები იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი.

შეხვედრაზე აღინიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს.

ამბიციები და მეგობრობის სურვილი - როგორ ჩაიარა კობახიძის ბულგარეთში ვიზიტმა

„საქართველო ბულგარეთისთვის პრიორიტეტული ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში და გაწეული ძალისხმევისთვის ევროკავშირისა და ნატოსგან ჯილდოს იმსახურებს", - განაცხადა რადევმა.

კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან შეხვედრით დასრულდა. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელ სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.

„ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს", - ბრძანა პატრიარქმა ნეოფიტმა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ამბიციები და მეგობრობის სურვილი - როგორ ჩაიარა კობახიძის ბულგარეთში ვიზიტმა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთში 19 ივნისს დასრულდება.

საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

აპრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბულგარეთში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს თვეებში ქვეყნები უნიკალური პროექტის განხორციელებას - ციფრული დერეფნის შექმნას გეგმავენ. კერძოდ, იგეგმება ახალი ოპტიკური კაბელის გაყვანა შავი ზღვის აუზში. შედეგად კავკასიის რეგიონი შეძლებს ევროპაში არსებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტითა ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

ბულგარეთმა გაწყვიტა შეთანხმება საქართველოსთან და სომხეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ>>

ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორები ქვეყნების ათეულში შედის. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2018 წელს დაახლოებით 440,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა საქართველოდან დაახლოებით 259 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა - დაახლოებით 182 მლნ დოლარს.