Air Malta თბილისში ფრენებს იწყებს

თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის კუნძულიდან თბილისში ყოველ ხუთშაბათს ჩამოფრინდება.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. Air Malta-მ თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელების უფლება მიიღო, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ავიაკომპანიამ რეგულარული რეისების შესრულების უფლება თბილისის მიმართულებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან 14 ივნისს მიიღო.

ბათუმსა და ტალინს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

კომპანია Air Malta საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუშაობას 4 ივლისიდან დაიწყებს.

რეგულარული რეისები მალტის კუნძულიდან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.

ფრენები განხორციელდება Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით.

Air Malta არის ავიაკომპანია, რომელიც მალტის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. ის მგზავრებს დაახლოებით 40 მიმართულებას სთავაზობს. წელს კომპანია 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.