თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა ქუთაისში გამთენიისას ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. აფეთქებას წინ უძღოდა ხანძარი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. დაშავებულებიდან სამი პირი მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. რთულია ათი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოდან თბილისში უნდა გადაიყვანონ.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სახლში არსებული საწვავი იყო. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი ბინა.
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან >>>
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფი. მოსახლეობა ევაკუირებულია.