ნანა ძაგნიძემ ყაზანის ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა

ტურნირში გამარჯვებული რუსი მოჭადრაკე ტიტულისთვის მსოფლიო ჩემპიონს შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მე-10 ნომერი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე საბოლოო მეხუთე ადგილი დაიკავა. ტურნირი ყაზანში მიმდინარეობდა.

დასკვნით ტურში ძაგნიძემ რუს ეკატერინა ლაგნოსთან პარტია ყაიმით დაასრულა და საერთო ჯამში 6,5 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულა ჰქონდა უკრაინელ მარია მუზიჩუკს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მას ძაგნიძემ გაუსწრო.

ძაგნიძემ ყაზანში ტურნირზე კიდევ ერთხელ წააგო

მთლიანობაში ძაგნიძემ 14 პარტიაში ოთხჯერ მოიგო, ხუთჯერ დამარცხდა და ხუთი პარტია ყაიმით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა გახდა. მან ჯამში 9,5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა – დასკვნით ტურში შავი ფიგურებით მარია მუზიჩუკთან.

შესაბამისად, ტიტულისთვის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან გორიაჩკინა ითამაშებს.

ყაზანის ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა უკრაინელი ანა მუზიჩუკი (8 ქულა), მესამეზე – რუსეთის წარმომადგენელი ეკატერინა ლაგნო (7 ქულა).

ყაზანის ტურნირი დღეს დასრულდება – 18 ივნისს ითამაშებენ ტაი-ბრეიკებს, რის შემდეგაც დახურვის ცერემონია გაიმართება.