ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება

იგეგმება ახალი ელექტროგადამცემი ხაზის და ქვესადგურების მშენებლობა მდინარე ენგურის აუზის სიმძლავრეების გამოტანის მიზნით
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა 62 მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს პროექტებზე, რომლებიც ენერგოუზრუნველყოფის საიმედოობის გასაზრდელად და ფინანსური გაჯანსაღების მიზნით განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სამშაბათს საკრედიტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

რუსული კომპანია შესაძლოა საქართველოში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა განაცხადა, რომ გამოყოფილი თანხა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ენერგოკავშირის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

„დაიწყება ახალი 500 კილოვოლტიანი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობა, ასევე დამატებით მოხდება მდინარე ენგურის აუზის სიმძლავრეების გამოტანა“, - განაცხადა უჩანეიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში გაზრდის ქსელის საიმედოობას და სისტემაში მომხდარი ვერანაირი ხარვეზი მასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოხდენს.

თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა აღნიშნა, რომ პროექტი რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციაზეა მიმართული.

„პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას  გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში“, - აღნიშნა ტემბონმა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში 3,3 მილიარდი დოლარის ღირებულების 108 პროექტი ხორციელდება.