ზაფხული აქტუალური პერიოდია ქორწილებისთვის. ბოლო ორ კვირაში საზოგადოებას თავი ორი ცნობილი წყვილის – პროდიუსერ ნოე სულაბერიძის და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის და თბილისის მერის კახა კალაძის და დიზაინერ ანუკა არეშიძის ქორწილმა დაამახსოვრა.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 9 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა.
6 ივნისს ჯანეტმა წინასაქორწინო წვეულება სასტუმრო „სტამბაში“ მოაწყო.
პატარძლის მეგობრებმა სადა და ერთი სტილის კაბები მოირგეს. ჯანეტმა კი არჩევანი თეთრ და მინიმალისტურ სტილზე შეაჩერა. ჯანეტს ქორწილში ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებთ, მას თავზე გვირგვინი ეკეთა.
რაც შეეხება ნოეს, ის თეთრ ჩოხაშია გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარია იყვნენ, ხოლო ჯანეტის მეჯვარეები საზოგადოებისთვის უცნობი სახეები. პატარძალი რესტორანში ხელის მოწერის ცერემონიაზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ 15 ივნისს 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიწერეს ჯვარი. მანამდე ილია მეორემ კახა კალაძის უმცროსი შვილები მონათლა. ცერემონია გრემის ტაძარში შედგა.
ანუკის ჯვრისწერაზე თეთრი ფერის, მხრებმოშიშვლებული მიდი-კაბა ეცვა, თავზე კი გრძელი შლეიფი ეკეთა. ქალაქის მერი კი ნაცრისფერსა და შავ ფერში იყო გამოწყობილი. წყვილს რამდენიმე მეჯვარე ჰყავს, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი და დიზაინერი მაკა კვიციანი.
ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ უმასპინძლა. ორდღიან წვეულებას მუსიკალურად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მათ შორის სტეფანე მღებრიშვილი აფორმებდნენ. კახის და ანუკის ქორწილის წამყვანი ნიკა წულუკიძე იყო.
სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და შვილთან ერთად ესწრებოდა.
ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. წყვილს პატარა ნიკოლა კალაძე შარშან სექტემბერში შეეძინა, მის გარდა მათ 11 წლის ლევანი, 6 წლის კახაბერი და 4 წლის ვაჩე ჰყავთ.
2018 წლის 11 ნოემბერს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მუსიკოს ბერა ივანიშვილისა და მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერამ, რომელიც სვეტიცხოველში გაიმართა, საქორწილო წვეულება კი კოჯორში, Bioli Hall-ში გაიმართა.
ბერას მეჯვარეები მისი უმცროსი ძმა ცოტნე ივანიშვილი და რეპერი ამიკო ჯანელიძე იყვნენ. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული.
არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ყვავილებისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯა. რესტორანში ნანუკა გუდავაძე ულამაზესი ცისფერი კაბით წარდგა. სტუმრებს შორის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. ქორწილში რამდენიმე სიმღერა ბერამაც შეასრულა.
პოპულარული ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნანუკა გუდავაძე სექტემბრის თვეში დაქორწინდნენ. წყვილმა თაფლობის თვე პარიზში გაატარა.
ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა, პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა, ცნობილმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში 2018 წლის აპრილში დაიწერეს. შემდეგ კი სტუმრებს საზეიმო ვახშამზე მცხეთაში, „შატო მუხრანში“ უმასპინძლეს.
ჯვრისწერის წინა საღამოს „შატო მუხრანში“ გალა საღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე კი წითელ კაბაში მართლაც თვალისმომჭრელი გახლდათ.
ქართველი პრინცი და ცნობილი მოდელი ხუთი წელია ერთად არიან. სამოქალაქო ქორწილი მათ ესპანეთში, ქალაქ რონდაში გადაიხადეს. მაშინ წყვილმა ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები რონდას ვილაზე შეკრიბა.
ქრისტინე ძიძიგურს ხელისმომკიდედ მისი ფრანგი მეგობარი სენდი ტრებუილი ჰყავდა. ხუანმა ხელისმომკიდედ ბავშვობის მეგობარი მადრიდიდან გონფალო სალგადო ასენსიო აირჩია. ქორწილში პატარძალს კრისტიან დიორის თეთრი კაბა, ხოლო ხუანს არმანის სამეული ეცვა.
სასურველი მილიონერი სასიძო, ბიზნესმენი თოშა ქებურია და მოდელი ქეთი ჟღენტი 2017 წლის სექტემბერში ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინდნენ.
ქეთისა და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.
პატარძალს ქორწილში ეცვა ულამაზესი კაბა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა „ელ სააბის“ მოდის სახლმა. რაც შეეხება სიძეს, ის კლასიკურად იყო შემოსილი.
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.
თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელო ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.
ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიას ქართულ-რუსულად უძღვებოდა.
წყვილმა ტრადიციებს ცეკვის დროს უღალატა, მათ ქართულის ნაცვლად თანამედროვე ნომერი დადგეს – იცეკვეს ჯეიმს ბრაუნის სიმღერაზე. ტრადიციული სადღეგრძელოების კვალდაკვალ საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ „შვიდკაცა“, სალომე კორკოტაშვილი და სპეციალურად ქორწილისთვის რუსეთიდან მოწვეული თეონა კონტრიძე.
ქორწილის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ წყვილმა სტუმრებთან ერთად ეზოში გადაინაცვლა, სადაც უზარმაზარი საქორწინო ტორტი გაჭრეს. საქორწინო ცერემონიის მეორე ნაწილში ქეთიმ და თოშამ გამოიცვალეს, სიძე სტუმრებთან კლასიკური სამოსით და კედებით დაბრუნდა, ხოლო პატარძალს ოქროსფერი კაბა ეცვა.
ისინი სცენაზე ავიდნენ, სადაც დაქორწინება რუსეთიდან მოწვეულმა რეპერმა ტიმატიმ მიულოცათ. ამის შემდეგ ლეზგინკა იცეკვეს და საღამო სწორედ ტიმატის კონცერტით გაგრძელდა.