დავით სერგეენკო – საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე?

ორდღიანი სპეკულაციები ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს ოფიციალურად დადასტურდა. 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ექიმი ცივილიზებულად ტოვებს პოსტს და გუნდის წევრად რჩება.
Sputnik

სერგეენკოს გადადგომაზე გავრცელებულმა ხმებმა პირდაპირ ფანტაზიები გაუღვივა ოპოზიციას, გადაფარა კომბლებისა და ქამრების მოსალოდნელი რევოლუციის თემა. შიში ოხერია და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იმასაც კი ეჭვობდა, ბიძინა ივანიშვილმა მაღალი რეიტინგის გამო მოიძულა ჯანდაცვის მინისტრიო. ის, ბოლო გამოკითხვებით, 40-პროცენტიანი რეიტინგით კახი კალაძესთან ერთად პირველ ადგილზე იყო პოპულარობით. ჯანდაცვის სამინისტროს უზარმაზარი ბიუჯეტის ხარჯვა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძირითადად სერგეენკოს სახელს უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმის ავტორები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ან კობა დავითაშვილი საერთოდ არ აცხადებდნენ მის ავტორობაზე პრეტენზიას. თუმცა, სერგეენკოს სოციალური პოლიტიკა დაუწუნა „ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა.

სერგეენკომ თანამდებობა დატოვა
მართლაცდა, ქვეყანაში, სადაც ყველა მეორე ბავშვი სოციალურად დაუცველია და შიმშილობს, რა მოსაწონია სოციალური პოლიტიკა? თუმცა ამ ცოდვას მხოლოდ სერგეენკოს ვერ ავკიდებთ. მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე არა მხოლოდ გრძნობს პასუხისმგებლობას ამის გამო, არამედ აცხადებს კიდეც, რომ სიღარიბე საქართველოს მთავარი გამოწვევაა და ჩვენ ის განათლებით და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით უნდა დავძლიოთ.
რაც შეეხება ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ის პრაგმატული ადამიანია და საკუთარი გუნდის წევრებს, რომელთაც მაღალი რეიტინგი აქვთ, აუცილებლად გამოიყენებს. აკი დაუდასტურა კიდეც ერთ-ერთ სააგენტოს დეპუტატმა და მილიარდელთან დაახლოებულმა მეწარმე კახა ოქრიაშვილმა, სერგეენკოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებენ და, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარედაც ვიხილოთო.
„ოცნებაში“ მომავალ არჩევნებზე ფიქრი დიდი ხანია დაწყებულია.
მამუკა ბახტაძე: დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი

ოპოზიცია კვლავ აქტიურად ითხოვს 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სიის ამოქმედებას. საარჩევნო კოდექსზე სამუშაოდ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით კომისიაც კი შეიქმნა, ამბობენ, რომ დასავლური მთავრობებისა და ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად. ამ ვერსიის ავტორები ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ თავად შეეცდება შექმნას ვადამდელი არჩევნების

საჭიროება და დასავლეთს უთხრას, რომ დროის სიმცირის გამო კოდექსის შეცვლა ვერ მოხერხდა.

ასეა თუ ისე, ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა და პოპულარულმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მას საჩხერელი ექიმი ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ყოფილა.

თუმცა მთავარი მაინც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელება და მათი ხარისხისა და ტემპების გაუმჯობესებაა და არა ის, რამდენად რეპრეზენტაბელური იქნება ახალი მინისტრი.