საქართველოს პრემიერი: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია

საპენსიო ფონდების გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს სოციალური დაცვის მაღალ დონეს, დარწმუნებულია მთავრობის მეთაური
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საპენსიო ფონდის შექმნა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ხანდაზმული ადამიანები ქვეყანაში ღირსეულად შეხვდნენ სიბერეს.

რამდენმა ადამიანმა დატოვა დაგროვებითი პენსიის სისტემა >>

Sputnik-ის მკითხველები უკმაყოფილო არიან საქართველოში საპენსიო რეფორმით

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება საპენსიო რეფორმის გამო და ამ პროცესს ნამდვილი ძარცვა უწოდა.

„ყოველდღიურად ვისმენთ იაფფასიან პოპულიზმს. საპენსიო ფონდს ალტერნატივა არ გააჩნია. მსოფლიოს ვერცერთმა წარმატებულმა ქვეყანამ, ვერცერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ შეძლო სოციალური დაცვის მაღალი დონის მიღწევა საპენსიო ფონდების გარეშე. საპენსიო ფონდი აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული“, - განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

გასულ კვირას საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ აღნიშნა, რომ დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობამ დარეგისტრირებულთა დაახლოებით 10% შეადგინა. მისი სიტყვებით, ამჟამად საპენსიო ფონდში მობილიზებულია 240 მილიონი ლარი.

საპენსიო ფონდმა პირველი თვის ანგარიში წარადგინა

1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სისტემის დატოვება შეეძლოთ ადამიანებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე უკვე შეუსრულდათ 40 ან მეტი წელი. ფონდიდან გასვლის უფლება სულ 294,9 ათას ადამიანს ჰქონდა. მსურველებს შესაბამისი განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეეძლოთ.

როგორც ამას წინათ საპენსიო ფონდის დირექტორმა განაცხადა, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს. მეორე კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.